1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირის ნეშტი ამოცნობილია

1992- 1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირის ნეშტი ამოცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს

მათივე ინფორმაციით, ამ 14 ადამიანის – 13 ქართველის და 1 აფხაზის – ნეშტების ექსჰუმაცია 2017-2019 წლებში სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში წჯსკ-ს ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს განხორციელდა.

„1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით 14 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხდა მათი ოჯახის წევრების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) დახმარებით.

ექსჰუმაცია განხორციელდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე 2010 წლიდან წჯსკ-ს ეგიდით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

„წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონია უახლოეს დღეებში ჩატარდება.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მთელ მსოფლიოში მუშაობს გაუჩინარებული ადამიანების საკითხებზე და მისთვის ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში ოჯახების ტკივილი უფრო მძაფრდება.

ამ საკითხების გადაჭრამ, ნეშტების ამოცნობამ და ოჯახებისთვის დაბრუნებამ, შესაძლოა, შეამსუბუქოს ამ ოჯახების ტკივილი, რომლებიც წლებია იტანჯებიან საყვარელი ადამიანების გაუჩინარებითა და მათი ხვედრის გაურკვევლობით. ეს, ასევე, საზოგადოებას ეხმარება კონფლიქტით მიყენებული ჭრილობების მოშუშებაში“, – აღნიშნავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხებში კავკასიაში, დანიელ მაქსვინი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, დესპანის ამ პოზიციის შექმნა – პირველად წჯსკ-ს პრაქტიკაში – ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება და მათი ოჯახების დახმარება.

„დესპანის პირველი ამოცანაა 1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების მონაწილე მხარეებთან მუშაობა, რათა ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდეს გაუჩინარებული ადამიანების მოძიების ახალი მიდგომა, რომელიც არსებულ მექანიზმზე უფრო მდგრადი და ეფექტური იქნება. დაკარგული ადამიანების 90% ჯერ კიდევ არ არის მოძიებული. მომავალში დესპანი გეგმავს ამ ორი საკოორდინაციო მექანიზმის საუკეთესო გამოცდილების გამოყენებას კავკასიაში მომხდარ სხვა კონფლიქტებთან მიმართებაშიც, როგორიცაა მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების მოძიების საკითხი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, სანდრო რაქვიაშვილს კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია
შემდეგი სტატიაგორის რაიონულ სასამართლოსთან, ყოფილი პოლიციელის პროცესის პარალელურად, აქცია იმართება