1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) ინფორმაციით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირის ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ მათი ახლობლების ნეშტები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად.

ორგანიზაციის ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წჯსკ-ს ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს.

„ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ბებიასთან ვატარებდი, მაგრამ ომმა ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაშორა“ – გვიამბო 44 წლის მამაკაცმა, რომლის ოჯახიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა. როდესაც შევიტყვე, რომ მისი ნეშტი იპოვეს და ამოიცნეს, გული მადლიერების გრძნობით ამევსო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები უცნობი ადამიანების მიმართ, რომლებმაც გარდაცვლილ ბებიას სათანადო პატივი მიაგეს“, -ნათქვამია წჯსკ -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წითელი ჯვრის საერთაშრისო კომიტეტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოჯახების წარმომადგენლებთან, განუმარტა ამოცნობის პროცესის ეტაპები და უპასუხა მათ შეკითხვებს. ოჯახებს, ასევე, გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება ახლობლების გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავლებლად.

“ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისათვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს, იმ ფაქტს, რომ ოჯახები იღებენ პასუხს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ. ჩვენმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო – დასრულდა გაურკვევლობის ათწლეულები 23 ქართველი, აფხაზი და ოსი გაუჩინარებული ადამიანის ოჯახისთვის“, – აღნიშნა წჯსკ-ს ოპერატიული საქმიანობის კოორდინატორმა ევრაზიის რეგიონში ნიკოლა ფლორიმ.

ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება.

2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებს ეცნობა
შემდეგი სტატია„ეს არის დავა ორ კერძო კომპანიას შორის” – პრემიერი “ჯორჯია ეარვეისის” და აეროპორტების მმართველ კომპანიას შორის დაპირისპირებას ეხმაურება