1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ზუსტად 30 წლის წინათ თბილისში, დილის 04.00. საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთაგან 16 ქალია, აქედან ერთ-ერთი ელისო ჭიპაშვილი ფეხმძიმედ იყო. თამარ ჭოველიძე, ეკა ბეჟანიშვილი და ნათია ბაშალეიშვილი კი საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლობდნენ.

9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსლვა იყო. ამ მოთხოვნით პირველი გამოსვლები თბილისში ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში დაიწყო. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 1989 წლის 4 აპრილს განახლდა. ამ დღეს მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის აქცია დარბევამდე გრძელდებოდა.

 

 

9 აპრილის აქციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ.

მოსალოდნელი დარბევის შესახებ დემონსტრანტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გააფრთხილა და ქაშვეთის ტერიტორიაზე გადასვლა შესთავაზა. თუმცა, მათ პატრიარქის მოწოდება არ გაიზიარეს.

1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 

banner
წინა სტატიაშისენაკში ,,ნაციონალებმა,, პატარა ბიძინას ხარება მიულოცეს
შემდეგი სტატიაპატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე