1936-38 წწ-ის რუკა 2018-ში საგარეო მინისტრმა გამოუსადეგრად მიიჩნია

ფორმულამ კარტოგრაფების საქმეზე ექსკლუზიურად მოიპოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მალხაზ მიქელაძის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტების მიერ გვერდზე გადადებული 1936-1938 წლების რუკა 2018 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გამოუსადეგრად მიიჩნია. ჯანელიძე პროკურატურას ამ დრომდე არ გამოუკითხავს. ყოფილმა მინისტრმა არც ფორმულას კითხვებს უპასუხა.

მიქელაძის ჩვენების თანახმად, საზღვრის დამდგენი კომისიის კარტოგრაფს, კერძოდ, ნოდარ ხორბალაძეს დაევალა შეედარებინა 1938 წლის 1:500 000 რუკაზე ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული და ვიზირებული საზღვარი 1932-1936 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკებზე არსებულ საზღვრის ხაზთან.

“აღნიშნული რუკების გამოყენების საკითხი განხილული იქნა, როგორც მახსოვს, 2018 წლის გაზაფხულზე ზუსტ თვესა და რიცხვს ვერ ვიხსენებ, საქართველოს იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე, სადაც კომისიის კარტოგრაფებს, კერძოდ, ნოდარ ხორბალაძეს დაევალა შეედარებინა 1938 წლის 1:500 000 რუკაზე ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული და ვიზირებული საზღვარი 1932-1936 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკებზე არსებულ საზღვრის ხაზთან. მინისტრთან შემდეგ შეხვედრაზე ნოდარ ხორბალაძემ წარმოადგინა ამ ორი ხაზის შედარების ელექტრონული ვერსია და ნათლად წარმოჩინდა, რომ ეს ხაზები მთლიანობაში თანხვედრაში არ იყო. მართალია, იყო მონაკვეთები რომლებიც ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ ასევე საზღვრის ხაზებს შორის იყო ცდომილებები. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხს პრემიერთან განსახილველად არ წარადგენდა”, – ნათქვამია მიქელაძის ჩვენებაში.

მიხეილ ჯანელიძე არ არის ქართული ოცნების ერთადერთი ყოფილი მინისტრი ვინც ე.წ. ალტერნატიული რუკების შესახებ იცოდა და გამოუსადეგრად თვლიდა. 2014 წლის გაზაფხულზე კრიზისების მართვის საბჭოში გამართულ შეხვედრას , რომელზეც გარეჯელმა არქიმანდრიტმა კირიონმა მასალები წარადგინა, ესწრებოდნენ მაშინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ამავე უწყების რამდენიმე წარმომადგენელი. შეხვედრიდან მალევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. გამოკითხეს ივერი მელაშვილიც. თუმცა, საქმე დაიხურა.

ქართული ოცნების ყოფილი მინისტრების გამოკითხვას პროკურატურა არ ადასტურებს. თუმცა ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში იმყოფებოდა 2007 წელს პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. ნოღაიდელს გამოძიება კითხვებს იმ წერილზე უსვამდა, რომელიც მან აზერბაიჯანულ მხარეს გაუგზავნა. ნოღაიდელმა ფორმულას კითხვებს არ უპასუხა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ “ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები”.

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს – პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ “მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან”.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან “რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი”.

წყარო – https://formulanews.ge/

banner
წინა სტატიაშიგიორგი მშვენიერაძე : რუკა კომისიის წევრ ირმა გაბუნიას ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას
შემდეგი სტატიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს