19-20-21 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო მსვლელობისას გადაადგილება შეიზღუდება – კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ 2018 წლის 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა-მანიფესტაციას გეგმავს. შესაბამისი წერილით თბილისის მერიას პარტიამ უკვე მიმართა.

წერილთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ ყველაფერი წესრიგში და კანონის ფარგლებში იყოს.

„25 სექტემბერს მერიაში შემოვიდა წერილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ 2018 წლის 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გეგმავს წინასაარჩევნო მსვლელობას, მანიფესტაციას და შეკრებას. შეკრების მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა მოცემული აქვთ 100 ათასი ადამიანი. ეს გამოიწვევს სამოძრაო-სავალი ნაწილის შეფერხება-შენელებას. პირველი – უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ მიმართულებით პრობლემა არ არის და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. თუ იქნება საჭიროება, გზა გადაიკეტება, თუ არ იქნება ამის საჭიროება, იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ისაუბრა, თუ რას უკავშირდება წინასაარჩევნო მანიფესტაცია და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაციის მცდელობას გაუსვა ხაზი.

„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია ცდილობს, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. არ ვსაუბრობ იმაზე, რაც რეგიონში ხდება, როდესაც კამპანიის დროს არის მივარდნები, შეხვედრების ჩაშლის მცდელობები. ისინი თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა და იგონებენ სხვადასხვა თემებს. იყო მცდელობა, ჰქონოდათ მიტინგები, გამოსვლები და ეს ყველაფერი ჩაუვარდათ. შემდეგ შემოიტანეს „ომეგას“ თემა, თითქოს, ხელისუფლება ართმევდა ამ კონკრეტულ კომპანიას ტელეკომპანიას. ესეც სასაცილო გახდა, „ომეგა“ თავის მფლობელს არ უნდა და მთავრობას რაში სჭირდება. ვერ დაიძაბა სიტუაცია და შემოიტანეს ის, რომ ხელისუფლება ვინმეს ბიზნესს ართმევდა. ისიც თქვეს, ბიძინა ივანიშვილმა სახლში მიიწვიაო, თან ეჭვობდაო, იწერდაო და 4 მილიონის გამორთმევა ხელით ანიშნაო, თან თვალი ჩაუკრაო. ეს ყველაფერი სასაცილოა, ივანიშვილის ადვოკატი ვერ ვიქნები, ადამიანს, რომელსაც სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს ჩვენს ქვეყანაში გაკეთებული, რომელიც არის აუდიტორულად დადასტურებული. ეს არის სხვადასხვა მიმართულებით. არ დავიწყებ ჩამოთვლას, რა მიმართულებებია ესენი, საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობამ ყველამ ყველაფერი იცის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ შემოტანილი იქნა მირზა სუბელიანის თემა და მოსახლეობას დაჭრილი ჩანაწერები აჩვენეს.

„შემდეგ შემოიტანეს სუბელიანის თემა და ისიც მოსახლეობას დაჭრილ-მიჭრილ მოჭრილი ჩანაწერები აჩვენებს. მაქსიმალურად ცდილობენ, არსებული რეალური სიტუაცია ქვეყანაში მოდელირებული გზით შეცვალონ. მათ კარგი გამოცდილება აქვთ ამ მოდელირებული ქრონიკებით. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაიცა მოაწყოს.

„არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა და დესტაბილიზაიცა. ეს აქცია-მანიფესტაციაც იყო მათთვის კულმინაცია, რომ ქვეყანაში დაეძაბათ სიტუაცია, მცდელობა, რომ ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში შეთითხნილი, მოგონილი ჩანაწერებით. ეს ვერ შეძლეს, ახლა აქციაზე აქვთ მცდელობა, რომ გარკვეული დესტაბილიზაცია მოაწყონ, შემოიტანონ არეულობა. ეს მუნიციპალიტეტის და მერიის კომპეტენციას სცდება, დეტალებში ვერ შევალ. იმედია, შესაბამისი სამსახურები ამაზე სიღრმისეულად ისაუბრებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, არეულობის უფლება არავის მიეცემა და უკანონო ნაბიჯებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ყველამ დაიმახსოვროს, ქვეყანაში არეულობის უფლება არავის მიეცემა. ვინც კანონის წინააღმდეგ გადადგამს რამე ნაბიჯს, მას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიპატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე – პროკურატურის განცხადება
შემდეგი სტატია“აკრძალულ ადგილებში გაკრული სულელური პლაკატები ჩამორეცხეთ” – კალაძე