„თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რგოლი დაკავებული აქვთ მათ, ვინც სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყვნენ“

11112762_1114178595275503_5814680374603958345_nჟურნალისტ ირმა ინაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ სამინისტროდან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის პირები, ვინც მისი თქმით, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეში მონაწილეობდნენ.

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას გააკეთა.

„მთელი თავდაცვის სამინისტრო, მისი უმაღლესი რგოლი დაკავებული აქვთ ადეიშვილი-სააკაშვილის, თავის დროზე მარჯვენა ხელი რომ იყვნენ, ასეთ ადამიანებს. ვასახელებ პირდაპირ, თუმცა ჯერ ჩემი გახმაურებული სია საჯაროდ არ გამომიქვეყნებია. ეს ჩემი ინფორმაცია ადვოკატ მაგდა კოტრიკაძის განცხადებებს ეყრდნობა, რაც ჯერ კიდევ 2013 წელს განასაჯაროვა კოტრიკაძემ. ზაზა მჭედლიძე, რომელიც არის სერგო თეთრაძის წამების საქმის ერთ-ერთი მონაწილე, ამ საქმის უშუალო დამგეგმავი. სერგო თეთრაძის საქმე არ მოხდებოდა და თეთრაძეს არ აწამებდნენ, რომ არ ყოფილიყო ზაზა მჭედლიძე, როგორც რეჟისორი. ვიკითხოთ სად მუშაობს – თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსია. ამავე საქმეში მონაწილეობდა ლევან გაბუნია, რომელიც სერგო თეთრაძის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტად ითვლებოდა და სერგო თეთრაძის წამების დაგეგმვაში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული. სად მუშაობს და თავდაცვის სამინისტროში, ახალი ხელისუფლების პირობებში ჯერ დაზვევრის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2014 წლის 26 დეკემბრიდან ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია. ამ ხალხს საზოგადოებისაგან იზოლირება სჭირდება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ეს ადამიანები მანამდე მუშაობდნენ, ზურაბ ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ბინძურ დავალებებს ასრულებდნენ, შემდეგ გარკვეული პერიოდით, როდესაც ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ იაქტიურა, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს და ისევ დააბრუნეს იმის გამო, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ გამოიკვეთა. უკან 2014 წლის დასაწყისში დააბრუნეს, როგორც მე ვიცი. ამ ადამიანების საქმე თავიდან ბოლომდე შესასწავლია. მთელი სამხედრო პოლიცია ემორჩილება ამ კაცს. რისთვის გამოიყენებს მათ, ამ კითხვაზე ხელისუფლებამ იფიქროს. ახალი მინისტრის პირობებშიც არიან და ახალ მინისტრსაც მივმართავ, რომ ეს ორი ადამიანი სასწრაფოდ გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან, ვიდრე ამდენი ღია კითხვა არსებობს მათ გარშემო. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფრსია ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი მიხეილ როინიშვილი. მე ვეკითხები ამ ხელისუფლებას – თქვენ რას აკეთებთ? ვის ჩააბარეთ სისხლით და წამებით მოპოვებული „ქართული ოცნება“ და იმედები? ამ ხალხს? ეს არის ქართველი ხალხის მთავარი პრეტენზია ამ ხელისუფლებისადმი“, – განაცხადა ინაშვილმა.

სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. 24 სექტემბერს კი, ოჯახს შეატყობინეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

banner
წინა სტატიაშიგორბაჩოვი ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიაჯანელიძე: “მუხათგვერდზე დაკრძალვის ცერემონია არ ყოფილა, ეს იყო დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება” (ვიდეო)