17 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის თქმით, ის ძალიან განიცდის აღნიშნულს.
“განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, 109-ე მუხლით არის ბრალი წარდგენილი. მე არ დავსწრებივარ ბრალის დადგენილების გაცნობას, დაესწრო მეორე ადვოკატი.
მე როგორც ვიცი, ის ძალიან განიცდის აღნიშნულს და ამ შემთხვევაში სხვა, პირადად რას საუბრობს ვერ გეტყვით. გამოძიება საუბრობს, რომ კამათი გადაიზარდა ჩხუბში და ჩხუბის შედეგად მოხდა ის უბედური შემთხვევა, რაც მოხდა. სასამართლოში ალბათ ისევ ის მეორე ადვოკატი დაესწრება აღკვეთ ღონისძიებას. შესაძლებელია გავიდე კიდეც ამ საქმიდან” – ამბობს ჟურნალისტებთან 17 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.
გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამთენიისას თბილისში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. შსს-ს ცნობითვე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოკლული არასრულწლოვანი 17 წლის დათო ნარიმანიძეა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს.








