163 სოციალური მუშაკი “ოცნების” ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება

სოცმუშაკები “ოცნების” ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან – განცხადებას ხელს 163 სოციალური მუშაკი აწერს (სია განახლებადია).

სოცმუშაკები ასევე ეხმაურებიან აქციებზე ძალადობას და მოითხოვენ სახელმწიფო სისტემების თანამშრომლების მხრიდან ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის მყისიერ შეწყვეტას.

„ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ.

ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად.

ჩვენი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში ეს გულისხმობს პირველ რიგში ბრძოლას საკუთარი შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენი მომსახურების მიმღებ პირებს შევთავაზოთ გამართული, მდგრადი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურება.

კერძოდ, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დროულად მივაწოდოთ ფსიქო-სოციალური დახმარება და თავშესაფარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ რეაბილიტაციის სერვისებზე დროული წვდომა, მიუსაფარ ხანდაზმულებს არ უწევდეთ თავშესაფრის რიგში მოცდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშველოვან ქმედებებს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების თითოეული წევრისთვის ღირსეულ, დროულ და მათ საჭიროებაზე მორგებულ მხარდაჭერას.

ჩვენ არ და ვერ დავბრუნდებით იქ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უწევდათ სოციალური იზოლაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ ძალადობისა და უგულებელყოფის ქვეშ დიდი ზომის ინსტიტუციებში, სადაც ადამიანებს წართმეული ჰქონდათ ფსიქოლოგიური თუ სოციალური რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ვერ დავბრუნდებით იქ, სადაც არ სცნობდნენ და ვერ ხედავდნენ სოციალური მუშაობის საჭიროებას!

ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვბრაზობთ და ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ როგორ მოქმედებს პოლიციური სისტემა და სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს, ლახავს მათ ღირსებას და ჯანმრთელობას, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულებს და მათ ოჯახებს! მოვითხოვთ სახელმწიფო სისტემების თანამშრომლების მხრიდან ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის მყისიერ შეწყვეტას.

ჩვენ, საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სოციალური მუშაკები, ერთიანნი ვართ ჩვენი პროფესიის, ბენეფიციარების და საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულებაში! ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებაა, არამედ უკეთესი, თანასწორი და ადამიანზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, რასაც საფრთხე ექმნება მიღებული გადაწყვეტილებით“.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: აი ამ ცრუპენტელა, ნამუსგარეცხილ პერსონაჟს ვინც რამედ აღიარებთ, არც ღირსება გაქვთ, არც კაცობა, არც საკუთარი შვილები გიყვართ
შემდეგი სტატია“პირველი არხის” ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეებს 20:00 საათზე პირდაპირ ეთერს დაპირდა