16 არასამთავრობო ორგანიზაცია შს სამინისტროს მიმართავს, შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა

16 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა.

არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, 26 სექტემბერს აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას.

„პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი ამ ფორმით განეგრძოთ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების, კარვის ჩამორთმევის და ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ. ამავე დღეს, დაახლოებთ 23:00 საათზე, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს და მასთან ერთად მყოფ პირს, არ მისცეს შესაძლებლობა შეერთებოდნენ მიმდინარე აქციას და ძალისმიერი მეთოდებით ჩამოართვეს ჩანთა, რომელშიც კარავი იყო შენახული. აქციის ტერიტორიაზე მათი შეშვება, მხოლოდ კარვის ჩამორთმევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს მათ მიერ არჩეული მშვიდობიანი ფორმით შეკრების გამართვის შესაძლებლობას არ აძლევს. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 11 სექტემბერს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია შესაბამისი უწყებების მხრიდან მოჰყვა თუ არა სათანადო რეაგირება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევას.

პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება ისევეა შეკრების უფლების ნაწილი, როგორც მისი შინაარსი და კარავი შესაძლოა წარმოადგენდეს აქციის გაგრძელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ატრიბუტს.

ტროტუარი წარმოადგენს საჯარო სივრცეს, რომელზე წვდომის უფლებაც ყველასთვის თანაბრადაა უზრუნველყოფილი, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორებისათვის სასურველ ადგილას გამართვას.

აღსანიშნავია, რომ “შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით” წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ აღნიშნული აკრძალვა ემსახურებოდა პროვოკაციული ქმედებების თავიდან არიდებას, მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უსაფუძვლოა და გვაფიქრებინებს, რომ პოლიცია მოქმედებს არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, არამედ პროტესტის გამოხატვისათვის მიზანმიმართული ხელშეშლის ინტერესით“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ისინი მიმართავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და აქციის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა აქციის მიმდინარეობისას განათავსონ კარავი; ასევე მიმართავენ მთავარ პროკურატურას, მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით აღნიშნული უფლების უკანონოდ შეზღუდვაში.

განცხადებას ხელს აწერენ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA); „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR); „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI); „მწვანე ალტერნატივა“; „საფარი“; „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD); „თანასწორობის მოძრაობა“; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG); „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF).

banner
წინა სტატიაში„ომეგა მოტორსის“ დირექტორმა შესაძლოა, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვოს
შემდეგი სტატია„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება