ჰეროინის კონტრაბანდის საქმეზე დაკავებული ირანის მოქალაქის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკობიზნესთან კავშირი არ აქვს და ის მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
საქმე ეხება 31 დეკემბერს, წითელ ხიდზე, მარმარილოს ფილებში ჩამალული 157 კილოგრამი ჰეროინის პოლიციის მიერ აღმოჩენას.
ადვოკატის მტკიცებით, შსს-მ დააკავა პირი, რომელიც „დანაშაულებრივ სქემაში შემთხვევით მოჰყვა“, ხოლო ორგანიზატორები თავისუფლებაზე დარჩნენ.
ინტერესების დამცველის თქმით, გაოძიებას რომ არ ეჩქარა და შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ყოფილიყო სრულყოფილად ჩატარებული, რეალური დამნაშავე აუცილებლად გამოიკვეთებოდა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ასრულებდა ჩვეულებრივ სატრანსპორტო მომსახურებას. მის ადგილას შეიძლება, ყოფილიყო ნებისმიერი მძღოლი. ეჭვიც არ გააჩნდა მას, რომ შესაძლოა, ამ ფილებში რაღაც ყოფილიყო. მას არ გააჩნდა ვალდებულება, რომ დაემტვრია ეს ფილები და გადაემოწმებინა სათითოად, იყო თუ არა ნარკოტიკული საშუალება.
რომ არ გამხდარიყო საჯარო და რომ არ გაეპიარებინათ პირველივე ეტაპზე დაუყოვნებლივ და განეხორციელებინათ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რა თქმა უნდა, გაირკვეოდა, რეალურად, ვისთან მივიდოდა ეს ნარკოტიკული საშუალებები. ფაქტობრივად, მივიღეთ უდანაშაულო ადამიანის დაკავება, რომელსაც ემუქრება თავისუფლების უვადოდ აღკვეთა.
მე მინდა, მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და არ დაუშვას, რომ გამოძიება შემოიაფარგლოს მხოლოდ უდანაშაულო პირის პასუხისგებაში მიცემით. რეალურად, დანაშაულის ჩამდენი პირები, საერთაშორისო დონის დამნაშავეები იმყოფებიან გარეთ, ამიტომ დროულად ჩასატარებელია ყველა საგამოძიეო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ფარული საგამოძებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების მიზნით, – ამბობს გიორგი გამხიტაშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, ირანის მოქალაქემ ტვირთის გადატანის დავალება მიიღო „სამუშაო“ ჩატში და ამ სამსახურისთვის 2 700 დოლარი მიიღო როგორც „სტანდარტული გასამრჯელო“.
დაკავებულს უვადო პატიმრობა ელის, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
















