15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა. ინფორმაციას მისი ადვოკატები უდასტურებენ.  მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.

“მარიანა ჩოლოიანი წელიწად ნახევარში ანუ კარგი ქცევის გამო გაათავისუფლეს. ჩემი აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ყურადღება მოვადუნეთ, აღარ ვლაპარაკობდით ამ ყველაფერზე ვინაიდან ეს აპელაციის პროცესები მიმდინარეობდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო დრო იხელთეს მისმა მეგობრებმა, არ ვიცი, ყოფილმა თანამშრომლებმა, ვისთანაც რამე ეთქმოდა, გამოყვანა არ ჰქვია, გამოაძვრინეს ციხიდან.

ვერც კი გადმოვცემ რას ვფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მეგონა პირიქით, სამართალი იზეიმებდა, წლებს მოუმატებდნენ. ჩემი აზრით, ეს დაცინვაა რაც ეხლა მოხდა, ჩვენი დაცინვაა, წელიწად-ნახევრით როდესაც ჩასვევს ციხეში და ამბობენ, რომ კარგი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს”, – ამბობს ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე.

მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან
შემდეგი სტატიასაქართველო უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს კვლავ აკმაყოფილებს და ევროკომისიის წინა წლის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც პროგრესს განიცდის