1,5 ტონა ჰეროინი და დასჯის უმკაცრესი მეთოდი – როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა?!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ორდღიანი კონფერენცია, სადაც ქართველმა და უცხოელმა მეცნიერმა იმსჯელეს ნარკოპოლიტიკაზე. კონფერენციაზე გაიშალა ძალიან საინტერესო თემები, როგორიცაა: „რას გვეუბნება კანონები ნარკოტიკების შესახებ მსოფლიო მასშტაბით“; „საერთაშორისო ნარკოპოლიტიკა და საქართველოს ნარკოსტრატეგიის სედარებითი ანალიზი“; „ნარკოტიკულ დანაშაულთა ბრძოლის თანამედროვე ტენდენციები ყოფილ საბჭოთა კავშირში“; „ნარკოლიბერალიზაციის შედეგების ზოგიერთი ასპექტი ჰოლანდიის მაგალითზე“.
„თაიმერი“ სარგებლობს შემთხვევით და გთავაზობთ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კალიმ სალიმოვის ლექციდან – „ნარკოპოლიტიკა ყოფილ საბჭოთა კავშირში – აწმყო და მომავალი“ – საინტერესო ამონარიდებს.
_ საკითხი ეხება დეკრიმინალიზაციას, განხილვა დავიწყოთ სახელმწიფო მიდგომიდან. ბუნებრივია, ნებისმიერ სახელმწიფოს ნარკომანიისადმი თავისი მიდგომა აქვს, ამიტომ მინდა შევეხო კონკრეტულად იმ ფაქტიორებს, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის წარმოადგენს მთავარ მიმართულებას.
პირველ რიგში, ნარკომანია არის პოლიტიკური პრობლემაა. 70% ადამიანებისა, რომელბიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, წარმოადგენენ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს. ამიტომ, თითოეული სახელმწიფო, რომელიც ანტინარკოტიკულ მოქმედებას იწყებს, ყოველთვის ორიენტირებულია თავისი ახალგაზრდა თაობის შენარჩუნებაზე.
შევჩერდეთ ფაქტებზე – სად ხდება ნარკოტიკის წარმოება? წარმოებული ნარკოტიკის 90% – ი მოდის ავღანეთზე. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ავღანეთი შორსაა, არა! ეს ასე არაა! თბილისიდან 500 კილომეტრი ბაქომდე, ბაქოდან 320 კილომეტრი ირანამდე, ირანიდან 180 კილომეტრი ავღანეთამდე, საერთო ჯამში 1000 კილომეტრი – ვფიქრობ, რომ ეს არც ისე დიდი მანძილია.
ახლა შევჩერდეთ ტენდენციებზე, ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც აღებულია ავღანეთისა და ირანის (ეს ქვეყნები ამ საკითხში ურთიერთთანამშრომლობენ), ოფიციალური წყაროებიდან: ავღანეთში 2010 წელს წარმოებულ იქნა 320 ტონა ნარკოტიკი, 2012 წელს – 3500 , შემდეგ – 5600, 7000 და 2017 წლისათვის 9000 ტონა ნარკოტიკი იქნა წარმოებული. აქედან 12, 7% არის ოპიუმი, 13,8% ჰეროინი. წარმოიდგინეთ რაოდენ მძიმე ნარკოტიკი, რომლის პარალელურად სხვა ტიპის ნარკოტიკებიც ვრცელდება, იწარმოება ავღანეთში.
კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი დღე ტარდებოდა, ჩემმა კოლეგამ განაცხადა – ჩვენ ვგეგმავთ ნარკოპოლიტიკის შეცვლას. ეს კარგი სვლაა, მაგრამ როგორი გეგმაც არ უნდა დავსახოთ, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის ტენდენციები, რომელიც მიმდინარეობს ნარკოტიკის მწარმოებელ ქვეყანაში.
უკვე 10 წელია ავღანეთში ნატოს და შეერთებული შტატების ჯარები იმყოფება, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, პირველი – 320 ტონიდან ჩვენ 9000 ტონამდე მივედით. მეორე, ყველაზე მთავარი, ნარკოტიკების წარმოების გაზრდის პარალელურად, იზრდება ტრანზიტი. გაიზარდა აღურიცხავი ნარკოტიკის რაოდენობა და ტრანზიტის დროს ის თავისუფლად გაივლის ყველა საზღვარს – ერთი გზა ჩრდილოეთით რუსეთისკენ მიდის, მეორე პაკისტანით. მესამე, ევროპაში მოსახვედრად ნარკოტიკი გაივლის ირანს, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. იმ ნარკომანების რაოდენობა, რომლებიც მძიმე ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარენ, ძირითადად იზრდება იმ სახელმწიფოებში, სადაც გაივლის ავღანეთიდან წამოსული ნარკოტიკი.
თავისთავად, საინტერესოა რამდენად აკონტროლებს ირანი თავის საზღვარს, რამდენადაა დაცული და როგორ აკონტროლებს ნარკოტიკის ტრანზიტს. ჩვენ შევისწავლეთ სასაზღვრო ზოლი, რომელიც გადის ირანსა და ავღანეთს შორის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უარყოფითი შედეგი გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ ირანი ბევრს აკეთებს ამ კუთხით.
ირანი-ავღანეთის საზღვარი არის 970 კილომეტრი, ხოლო ირან-პაკისტანის საზღვარი – 930. დააკვირდით ციფრებს და ფაქტებს: ბოლო 7 წლის განმავლობაში ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში (შეტაკებებში) ირანმა დაკარგა 4000 მესაზღვრე, 13 ათასი კი მძიმედ დაიჭრა. ყოველწლიურად 200-300 ადამიანი იღუპება ამ ბრძოლისას. ირანი საზღვრის დაცვის და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველ წელს ხარჯავს 830-850 მილიონ დოლარს, ეს დაახლოებით 1 მილიარდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანმა საზღვრის მხოლოდ 70%-ის გამაგრება შეძლო. საზღვრის 30%-ი კი ითვლება დაუცველად. მიზეზი? ირანისა და ავღანეთის საზღვრის მიმდებარედ, ირანის ტერიტორიაზე 1,5- 2 მილიონამდე ბერჯუნი (საველე არაბები) ცხოვრობს, ესენი არიან ადამიანები, რომელებიც არ ჩანან, ვერ იპოვით, მაგრამ მათ აქვთ ნარკოტიკების კონტრაბანდის თავისი გზები და არიან უკონტროლო. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ირანი და ერაყი, მხოლოდ მუსულმანური ქვეყნები არ არიან, იქ შარიათის კანონები მოქმედებს და ეს კანონები ძალიან მკაცრია. ისტორიულად, ამ ქვეყნებში ტრადიციულად, ჩვენს ერამდე მეექვსე საუკუნიდან, მოიხმარდნენ ნარკოტიკებს – ოპიუმს. ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, დაიწყეს ნარკოტიკების სიგარეტის მსგავსად გამოყენება. ღრმა ფესვები აქვს და დღეის მდგომარეობით ირანი უკვე ვეღარ აკონტროლებს თავის მოქალაქეებს, რომლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები. აქვე, გაამახვილეთ ყურადღება, ირანში სასულიერო პირებს ძალიან მკაფიო, სოციალური მიდგომა აქვს, ამიტომ სახელმწიფომ ნარკომანები დააზღვია, მაგრამ პარალელურად ნარკოტიკების არალეგალურ მოხმარება-ტრანზიტის მიმართულებით შეინარჩუნეს დასჯადი პოლიტიკა. ასევე გაამახვილეთ ყურადღება, იქ წელიწადში დაახლოებით 300 ადამიანს სჯიან სიკვდილით, ნარკოტიკების არაკანონიერი ბრუნვის ბრალდებით. ამის გარდა 5000-მდე გასამართლებული ადამიანი ელოდება სიკვდილით დასჯას. ნარკოტიკების საქმეს სპეციალური სასამართლო განიხილავს, რომელსაც იქნა შემოღებული 1979 წლიდან, ეს არის ე.წ. რევოლუციური სასამართლო, რაც ნიშნავს რელიგიურ სასამართლოს, განაჩენის გამოტანა ხდება რელიგიური კოდექსით, ის სიკვდილით დასჯის უფლებას გასცემს.
ირანში მოგზაურობისას, მე ვნახე როგორ ხდება იქ სიკვდილით დასჯა: მოდის ამწე კრანი, რომელიც მაღლა აწევს ძელს, სადაც თოკებია ჩამოკიდებული. მიყავთ 10-15 ადამიანი ამ თოკებთან, არავინ ყვირის, არავინ აპროტესტებს, არავინ ტირის, ადამიანებს მოაბამენ თოკებს და ამწე კრანი ბოძს აწევს. ასე ხდება კოლექტიური ჩამოხრჩობა. პარალელურად, ირანში მზადდება პროექტი, რომლითაც სურთ სიკვდილის დასჯის შეცვლა თავისუფლების უვადოდ აღკვეთით, სამუდამო პატიმრობით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ნარკომანიაში ჩართულნი არიან არასრულწლოვნები, თუ დაკავებისას გაწეული იქნა შეიარაღებული წინააღმდეგობა და თუ ნარკოტიკების რაოდენობა 2 კილოგრამ ჰეროინზე და 100 კილოგრამ კანაფზე მეტია.
ავღანეთში უფრო მზიმე სიტუაცია, სადაც 34 პროვინციაა, აქედან 14-ს თალიბანები აკონტროლებენ და მართავენ. თალიბანი ფინანსურ წყაროს სწორედ ნარკოკონტროლით და წარმოებით ღებულობს. ამ ეტაპზე 400 ლაბორატორია ფუნქციონირებს და მიუხედავად, ირანის ხელისუფლებამ არა ერთხელ გამოხატა თავისი უკმაყოფილება და 4 აეროპორტი ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების მიერ კონტროლირდება, სამწუხაროდ, ამ 10 წლის განმავლობაში შედეგად ნარკორეალიზაცია გაიზარდა. როდესაც გლობალურ წინააღმდეგობაზე გვაქვს საუბარი, მძიმე ნარკოტიკებს უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ავღანეთში ნარკომანები იწყებენ კანაფიდან და სიცოცხლეს ასრულებენ ჰეროინით. ამ ეტაპზე ძმარმჟავას გადაზიდვა დაიწყეს, სამასი დოლარი ღირს ერთი ლიტრი, კონცენტრატი 10-12 კილოგრამიანი პაკეტი – 6000 დოკლარი. ეს არის აუცილებელი კომპონენტი ჰეროინის წარმოებისთვის. ჩვენთან, აზერბაიჯანში 2016 წელს საზღვარზე დაკავებულ იქნა ირანიდან წამოსული მანქანა, რომელიც 1,5 ტონა ნარკოტიკით იყო დატვირთული.
იმდენად, რამდენადაც საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი გვევლინება სატრანზიტო ქვეყნებად, ჩვენ შევიმუშავეთ მეთოდიკა და ვფიქრობთ რომ სახელმწიფოებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, მაგრამ იმისათვის რომ ეს იყოს ეფექტური, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოება. საჭიროა მონიტორინგი, იმისათვის რომ რეალურად შევძლოთ ამ სიატუაციაში შედეგის მიღწევა. საქართველომ პირველ რიგში უნდა ითანამშრომლოს ირანთან და ერაყთან, შემდეგ კი აზერბაიჯანთან, რატომ? საქმე ისაა, ჩვენი მუშაობა ეფექტური რომ იყოს, პირველ რიგში საჭიროა სოციალური კონტროლი. თუ დეკრიმინალიზაცია მოხდება, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რა ნარკოტიკი შემოდის, როგორი ხარისხისაა, ეს ერთ დღეში შეუძლებელია, მთავარია, პირველ რიგში ამ კუთხით დაიწყოს პროცესი.
„თაიმერი“ ასევე გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერს, პროფესორ ჯემალ გახოკიძის კომენტარს: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისთვის მოწვეული გვყავს სპეციალისტები გერმანიიდან, თურქეთიდან, იტალიიდან და აზერბაიჯანიდან. საინტერესოა, ამ ქვეყნებში როგორ რეგულირდება ეს საკითხები, როგორი ნარკოპოლიტიკაა და დეკრიმინალიზაციასთან რა დამოკიდებულებაა. სამივე ქვეყანას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხებისადმი. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის თურქეთის გამოცდილება და დამოკიდებულება. თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ნარკომოხმარება ისჯება, მაგრამ თუ ნარკომომხმარებელი აცხადებს, რომ ის ნებაყოფლობით წავა და იმკურნალებს, ის თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. გარკვეული კონტროლი წესდება იმაზე, თუ რამდენად ასრულებს ის თავის პირობას. თუ მან პირობა დაარღვია, მაშინ მის მიმართ იყენებენ სისხლის სამართლის კანონს. როგორც თურქი კოლეგა ამბობს, აღნიშნულმა დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენ მზად ვიყავით, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის შეგვეთავაზებინა ორი ტიპის სამკურნალო დაწესებულება – ფასიანი და უფასო. როდესაც საქართველოში ვფიქრობთ იმაზე, რომ ნარკომომხმარებელი გავათავისუფლოთ სისხლის სამართლის წესით დასჯისგან, არის მეორე მხარე – ხომ არ შეიძლება ასეთი ადამიანები მივატოვოთ და მივუშვათ თვითდინებაზე და არ გავუწიოთ დახმარება? მეორე მხარე, რაც არის მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია, როგორც სისტემა, სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს. მაშინ ამ ყველაფერს აზრი მიეცემა. მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე ცვლილებების გატარება შედეგის მომტანი არ იქნება, პირიქით, ნეგატიური პროცესების მომტანი იქნება. ვფიქრობ, დღეს სახელმწიფოსათვის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, თუ ჩვენ წავალთ დეკრიმინალიზაციის გზით, შესაბამისი გარემო-პირობების შექმნა მათ განკურნებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლეგალიზაციას, ის ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომლითაც ხელ-ფეხს გავუხსნით რეალიზატორებს. ეს სკმაოდ რთული პროცესია. სრული ლეგალიზაციის პირობებში ძალიან გართულდება მომხმარებლი გამიჯვნა ნარკორეალიზატორისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მკაცრი რეპრესიების მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომხმარებელთა კატეგორიის უპატრონოდ მიტოვება დაუშვებელია.

banner
წინა სტატიაშიყირიმის ხიდის აფეთქების ავტორმა დეტალი დააზუსტა
შემდეგი სტატიარუსთავში 10 წლის ბიჭი მე – 5 სართულიდან გადმოვარდა