15 იანვარი არის ბოლო თარიღი, როდესაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა ხელს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს

15 იანვარს არის ის ბოლო თარიღი, როდესაც პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა ხელს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.

“ამ კანონპროექტის პირველი ვერსიიდან მოყოლებული, შემდეგ იყო გარკვეული ცვლილებები, თუმცა არაერთი მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, რომ ამ კანონში არის მნიშვნელოვანი რისკები, რომლებმაც შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებელის ეფექტურ ფუნქციონირებას და მის ბუნებას შეუქმნას საფრთხეები. ჩვენ აქტიურად ვაანალიზებთ ამ რისკებს, ყველა არგუმენტს, დასაბუთებულ პოზიციას, რომელიც აქამდე იქნა გამოხატული ამ საკითხთან მიმართებაში და სწორედ ამ არგუმენტების აწონ-დაწონვის საფუძველზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერმა კანონმა, რომელიც ამ საკითხს შეეხება, შექმნას მყარი გარანტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის და არ შეუქმნას რისკები საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და მის უნიკალურ ბუნებას, ემსახუროს არა რომელიმე პოლიტიკურ, კომერციულ თუ სხვა ტიპის ინტერესებს, არამედ ემსახუროს ფართო საზოგადოებას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ხვალ მაუწყებლის კანონის შესახებ სასაუბროდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიექსპერტის დასკვნით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა
შემდეგი სტატიანუცუბიძეზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა