15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა – გახარია

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2018 12:36

15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა – გახარია

15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მან უწყებაში მიმდინარე გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებზე ისაუბრა. გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის შეფასება და შემუშავდა გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების კურსი, რომელსაც ეტაპობრივად საქართველოს ყველა გამომძიებელი გაივლის.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო აქტუალური თემა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა, მათ შორის პარლამენტშიც განსჯის საგანი, ეს გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება კრიმინალურ პოლიციაში და საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხრათ რომ 15-20 წელი გამოძიების ხარისხის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და მე მესმის, რომ ჩვენ ობიექტურად შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად მომთხოვნები, შეგვიძლია უფრო მეტად ვაკრიტიკოთ გამოძიებაც და გამომძიებელიც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო 15–20 წლის განმავლობაში არა თუ რეფორმა ხელშესახები არაფერი არ გაკეთებულა, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი აღმოჩენების გაკეთება, მოგეხსენებათ რომ პირველივე დღიდან ამ სამინისტროში მოსვლის ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გამოძიების კომპონენტის გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულება ჩვენი რეფორმების და ეს არის ყველაზე საჭირო და ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ამ რეფორმების.
რა გაკეთდა უკვე დღეის მდგომარეობით, ამ მიმართულებით, მინდა მოგახსენოთ – უკვე ჩაუტარდა ტესტირება სრულიად კორპუსს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების კორპუსი მყავს მხედველობაში . ეს გახლავთ 1104 ადამიანი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზომა მათი კვალიფიკაციის დონე, უკვე ჩატარებულია მათი დაკავებულობის ხარისხის შეფასება, მათი საქმეების რაოდენობის შეფასება და ასევე სირთულე ამ საქმეების. შესაბამისად ყველა ამ მოგროვებულ ინფორმაციის საფუძველზე უკვე შექმნილია საბაზისო კურსები გამომძიებლების გადასამზადებლად. თითოეული ეს გამომძიებელი – ეს 1104 ადამიანი გაივლის შემოდგომიდან – სექტემბრიდან გადამზადების კურსებს, რათა თვალნათლივ შევძლოთ შევაფასოთ როგორც მათი კვალიფიკაცია ასევე მათი პოტენციალი რა დონეზე შეგვიძლია გავზარდოთ ამ ხალხის კვალიფიკაცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2018 12:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,189
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics