14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება, ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია – ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილზე

სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა და გააანალიზა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ კლინიკა “ვივამედის” მიერ მოწოდებული დოკუმენტები.

ჯგუფი წარმოადგენს შემდეგ შეფასებას:

“პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და შეედარება სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებს – კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება.

გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით. თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0,5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1 და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს. ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის – შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც.

კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც”.

კლინიკაში მართვის საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს არ აქვს – “გრძელდება სიმპტომური მკურნალობა, რაც მათი მხრიდან პრაგმატულ მიდგომას წარმოადგენს”.

“პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ (მხოლოდ ერთ ჩანაწერში (31.05.2023) ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება ).

ასევე, საგულისხმოა, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რაც შეიძლება იყოს ასევე, ძვლის ტვინის სუპრესიის შედეგი და თუ ეს ტენდენცია ნარჩუნდება და არ არის დათვლის ტექნიკური პრობლემა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინის სუპრესია ამჟამად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მანამდე იყო, რაც მთლიანობაში მდგომარეობის გაუარესების ნიშანია. ლეიკოპენიის ალტერნატიული პრობლემა ასევე, შეიძლება იყოს ვიტამინ B12 და ფოლიუმის დეფიციტი, როგორც მალნუტრიციის შედეგი, რაც ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს; შესაძლოა, სხვა ალტერნატიული მიზეზებიც იყოს, მაგ. ვირუსული ინფექცია”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროგადამცემ სარეზერვო ხაზზე გადაიყვანეს
შემდეგი სტატიასამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები – მღებრიშვილი