აშშ-სთან 22,5 მლნ დოლარის საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და კავკასიაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა ხელი მოაწერეს სამ საგრანტო შეთანხმებას.

ხელმოწერილი შეთანხმებებით ცვლილება შევიდა ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებებში და საგრანტო თანხა დაახლოებით 22,5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და “მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.

შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგრანტო შეთანხმებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შეთანხმება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

„ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“

მიზანი: ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა; გარემო.

„დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“

მიზანი: გამჭვირვალე, მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი და ეფექტური მმართველობისა და მომსახურების მიწოდება, კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება, მოქალაქეების უფრო მეტად ჩართულობა საზოგადოებრივ საქმეებში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი სამი მიმართულებით: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები; დემოკრატიული მმართველობა; სამოქალაქო საზოგადოება.

„მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება”

მიზანი: სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ორი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისათვის.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიარადამ სავჩენკო ევროსაბჭოს საპარალმენტო ასამბლეის დელეგატებიდან გარიცხა