ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 13 ივნისს უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევით ოპერაციები სულ მცირე, სამი მიმართულებით განახორციელეს და ჰქონდათ შეზღუდული ტერიტორიული წარმატებები.
ანალიტიკოსები უკრაინელ ოფიციალურ პირებს ეყრდნობიან. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინული ძალები ბახმუტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 250 მეტრით, ხოლო სამხრეთით 200 მეტრით დაწინაურდნენ. გარდა ამისა, მალიარის თქმითვე, ბოლო 24 საათში ზაპოროჟიესა და დონეცკს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გარშემო უკრაინა 500-1000 მეტრით დაწინაურდა.
უკრაინის გენშტაბის პრესსპიკერის განცხადებით, კონტრშეტევების დაწყებიდან უკრაინამ 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია თავის მხრივ ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმაც დაადასტურა.
ყოველდღიურ მოხსენებაში ISW-ის ანალიტიკოსები ასევე საუბრობენ რუსი გენერლის სერგეი გორიაჩევის გარდაცვალებაზე. რუსეთის მტკიცებით, ის უკრაინული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა. ანალიტიკოსების აზრით, გორიაჩევის გარდაცვალება მიუთითებს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო პერსონალის დაუცველობაზე.