13 ივნისს სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა

თამარაშვილის ქუჩაზე, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა. სვანიძის ქუჩის, წყნეთის ხევის, ჩიქოვანის ქუჩისა და ახალდაბის მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.
სტიქიით დაზარალებულები მერიასთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებენ და დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც სვანიძის ქუჩის მცხოვრებმა ეკა ჯანაშიამ განაცხადა, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, ქირისათვის მერიის მიერ გამოყოფილ თანხაზე დაზარალებულებს თანხის დამატება საკუთარი სახსრებით უწევთ. დაზარალებულები საკითხის დროულად გადაწყვეტას და კომპენსაციების გაცემას მოითხოვენ. მოსახლეობას შეკითხვები აქვს შემოწირულ თანხასთან დაკავშირებითაც.
“28 მილიონი, რომელიც დაზარალებულებს შემოწირეს, არ ვიცით სად წავიდა. ვიცით, რომ 22 ოჯახს ბინები უყიდეს, თუ 28 მილიონად 22 ოჯახს ბინა უყიდეს და ფული ამაში დაიხარჯა, მაშინ ვილები უყიდიათ. თუ ინფრასტრუქტურაში დახარჯეს, რათა გზები დაეგოთ და კანალიზაციები მოეწესრიგებინათ, ეს არასწორია, რადგან ამაში გადასახადებს ვიხდით და შემოწირული თანხით ეს არ უნდა გაეკეთებინათ”, – აღნიშნა ეკა ჯანაშიამ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე.
თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია. დაზარალებულები სამომავლოდ აქციების გამართვას კვლავ გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა ვიდეოგამოსვლით – “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”
შემდეგი სტატიაჯარისკაცი მენინგი შესაძლებელია მარტო ჩასვან კამერაში ჟურნალ Vanity Fair-ის და ვადაგასული კბილის პასტის გამო