13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა რისკის შესახებ ინფორმაციას გაეცნო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვაკის რაიონის გამგებელმა და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სვანიძის ქუჩის მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არეალების შესახებ მომზადებული დასკვნა წარუდგინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც მოხდა მათ მიერ რისკის შემცველი არეალის დადგენა. ამასთან მათი განცხადებით, აღნიშნულ ზონაში აბსოლუტურად დაუშვებელია ადამიანების ცხოვრება. ამ დროისთვის ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აშენდება ჰიდროსაინჟინრო ნაგებობა, რომელიც მეწყრის განვითარების შემთხვევაშიც კი, თავიდან აგვარიდებს მსგავს შედეგებს.

„რაც შეეხება მეთოლოგიას, გამოყენებული იქნა სხვადასხვა მოდელები და ძირითადად გათვლილია ის ისტორიული მაქსიმუმი, რაც 1000 წლის მანძილზე ნალექების ოდენობის სახით შეიძლება მოვიდეს და ვერეს აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიწვიოს არეალების დატბორვა“,- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ბაგრატიონმა.

ვაკის რაიონის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ დაზარალებულ მოსახლეობას დაზიანებული სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, თბილისის მთავრობა უზრუნველყოფს როგორც დაზიანებული სახლების რეაბილიტაციას, ასევე, ერთჯერადი დახმარების სახით საშუალოდ 10 000 ლარის გაცემას.

„ იმ ოჯახებს, რომელთაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი საკუთარი ნება-სურვილით შეუძლიათ შეარჩნიონ შემსრულებელი კომპანია, რომელიც მათ რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ხარჯთაღრიცხვას მოუმზადებს. ამის შემდეგ კი, უნდა მომართონ გამგეობას, ჩვენ შესაბამის ანაზრაურებას გავცემთ და დამატებით ისინი მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას, საშუალოდ 10 000 ლარის ოდენობით“,- განაცხადა ვაკის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ.

შეხვედრაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მიმართულებით დროულად მოხდება ორივე მხრიდან პროცედურული საკითხების მოგვარება, რაც საბოლოოდ გადაჭრის მათ წინაშე არსებულ პრობლემებს.

გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ზონა სტიქიის სალიკვიდაციო , მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა დაამტკიცოს.

banner
წინა სტატიაშიგამოვიდა კვანტური კომპიუტერი
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება