12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმის “ოქროს მოწმე” ამბობს, რომ საბედისწერო დღეს გური დადიანიძეს თან მობილური ტელეფონი არ ჰქონდა.
როგორც ანი გელაშვილი „პირველებთან“ ინტერვიუში აცხადებს, დადიანიძემ დედას, სოფო ბიბილაშვილს უთხრა, რომ ტელეფონის SIM-ბარათი გადამწვარი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბარათი დაზიანებული არ ყოფილა.
გელაშვილს, რომელიც 2014 წელს დადიანიძესთან ერთად მლეთაში იმყოფებოდა, კითხვებს კიდევ ერთი დეტალიც უჩენს — მისი თქმით, ლომისობის დღესასწაულზე წასვლა უშუალოდ იმ დღეს დაიგეგმა, გურიკამ კი ამის შესახებ დედას წინა დღეს შეატყობინა:
„მას თან მობილური ტელეფონი არ ჰქონდა. დედას უთხრა, რომ ტელეფონის ბარათი იყო დამწვარი, თუმცა არანაირი ბარათი არ ყოფილა გადამწვარი. აქ კიდევ ერთი ძალიან საეჭვო გარემოებაა: ლომისაზე წასვლა იმ დღეს დაიგეგმა და წინა დღით არავინ ვიცოდით, რომ წავიდოდით. როდესაც ქალბატონ სოფოსგან გავიგე, რომ გურიკამ წინა დღეს შეატყობინა ლომისაზე წასვლის შესახებ, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა — რანაირად, თუკი ჩვენ იმავე დღეს დავიგეგმეთ?“ — ამბობს ანი გელაშვილი.
ოქროს მოწმე მკვლელობის ვერსიას ცალსახად გამორიცხავს. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ვერსიას, რომ გური დადიანიძე შესაძლოა ოჯახის წევრებს ემალებოდეს, ანი გელაშვილმა უპასუხა:
„ამაზე, ალბათ, უფრო ოჯახის წევრები გაგცემენ პასუხს. არ ვიცი, იყო თუ არა იქ რაიმე ისეთი მდგომარეობა, რასაც შეიძლება გურიკა გაქცეოდა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. მის მამას ძალიან ვეცოდებოდით მთელი იმ დღეების განმავლობაში“, — აცხადებს ანი გელაშვილი.














