მლეთაში 12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ტვ პირველის ინფორმაციით, მოზარდის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა, დუშეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვისას გამომძიებლებს შეატყობინა, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიჭი ლომისობიდან გაუჩინარების შემდეგ ნახა.
ადვოკატ ნუცა თოფურიას თქმით, ახალი მოწმე ექსკურსიის მონაწილე არ არის. მისი ინფორმაციით, მოზარდი ლომისობაზე დაკარგვის შემდეგ უკან დაბრუნდა, რის შემდეგაც ისევ გაუჩინარდა. მოწმის მონაცემები გამოძიებას უკვე გადაეცა.
გამოძიება ასევე დაინტერესდა დაკარგული ბიჭის ნივთებით. დედის განცხადებით, გაუჩინარების მეორე დღეს გურიკას ხურდა ფული და ნივთები მამიდას გადასცეს, რაც მისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ოჯახი ითხოვს დადგინდეს, ვინ მიიტანა ეს ნივთები და რატომ არ გადაეცა ისინი უშუალოდ მშობლებს.








