გერმანიის სამართალდამცველი ორგანოები ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების სერიას იძიებენ. საქსონიაში, ორი მაღალი ძაბვის ქვესადგურის სიახლოვეს, პოლიციამ 12 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. გამოძიების ცნობით, აღნიშნული მოწყობილობები ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისა და მოკლე ჩართვის გამოწვევისთვის იყო განკუთვნილი.
მსგავსი ინციდენტები მანამდე ბრანდენბურგსა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაშიც დაფიქსირდა.
ბრანდენბურგში თავდამსხმელები თვითნაკეთი, რაკეტის მსგავსი მოწყობილობებით მაღალი ძაბვის ხაზებზე გამტარი მასალის გადატანას ცდილობდნენ, რამაც მოკლე ჩართვები გამოიწვია. ბერგჰაიმში განზრახ გამოწვეული მოკლე ჩართვის შედეგად, ქსელიდან დროებით გაითიშა ხუთი ქვანახშირის ენერგობლოკი, ჯამური სიმძლავრით 4 200 მეგავატი.
სამართალდამცველების ცნობით, ინციდენტების მიუხედავად, ქვეყნის ელექტრომომარაგების საერთო სტაბილურობა არ დარღვეულა.
პოლიცია საქმეზე 48 წლის მამაკაცს ეძებს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილმა რამდენიმე მედიასაშუალებას გაუგზავნა წერილები, სადაც თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო და მოტივად „წიაღისეული საწვავის წინააღმდეგ ბრძოლა“ დაასახელა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი ამ ეტაპზე „კლიმატურ ექსტრემიზმზე“ საუბრობს. თუმცა, სამართალდამცველები ჯერ არ ადასტურებენ, რომ წერილების ავტორი ყველა თავდასხმის უშუალო შემსრულებელია. ამასთან, გამოძიება უცხო სახელმწიფოს მიერ მართული საბოტაჟის ვერსიასაც აქტიურად განიხილავს.








