ეროვნული თავდაცვის აკადემიის 119 იუნკერი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს  საბაკალავრო სკოლის პირველი კურსის იუნკერების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
ფიცის მიღებამდე იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
ფიცის მიღების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორი და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრმა იუნკერებს სიტყვით მიმართა, მათ წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა: „ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი დღე შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენმა იუნკერებმა დადეს ფიცი და ჩადგნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში სრულფასოვნად. სამხედრო განათლება და ახალგაზრდა ოფიცრების გაზრდა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც დიდ ყურადღებას დავუთმობთ ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, აკადემიაში მიმდინარე პროცესებს, ახალგაზრდა ოფიცრების მომზადებისა და განათლების მიღების საკითხებს“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
გენერალური შტაბის უფროსმა, სიტყვით გამოსვლისას, მსმენელებს კარიერული წინსვლა უსურვა.
ღონისძიების დასასრულს, აკადემიის მოძღვარმა, მამა თადეოზმა პირადი შემადგენლობა დალოცა. ფიცის მიღების ცერემონიალზე იუნკერების ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრი იუნკერების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.

banner
წინა სტატიაში“ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არ დასმულა და არც განიხილება”
შემდეგი სტატიაელისო ჩაფიძე: მოვუწოდებ გიორგი ქადაგიძეს, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან“