“112 რომ რეკავს და ვეუბნებით, ადგილი არ გვაქვს, პირადად ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია”

ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ასეთი ზრდა ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„ჩვენს ქვეყანაში მოხდა ის, რაც ალბათ ძნელად წარმოსადგენი იყო. მართალია, ალბათ, ყველა ველოდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ მასშტაბით რომ გავრცელდებოდა ინფექცია, რატომღაც წარმოუდგენელი იყო. დღეს 3 000-ზე მეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სექტორისათვის, ვინაიდან ამ წუთში ჩვენი კლინიკის მაგალითზე, არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია, რაც ძალიან ცუდი წარმოსადგენია როგორც ექიმისთვის. 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, არ გვაქვს ადგილი, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად სიკვდილის ტოლფასია.

არ ვიცი, რა სცენარით შეიძლება განხორციელდეს ამის ბლოკადა, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ამას არათუ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, არამედ მსოფლიოს ვერც ერთი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს ამ მასშტაბით ინფიცირებულთა მომსახურებას. ამიტომ საზოგადოების, ჩვენიც, საჯარო სექტორის, ერის თუ ბერის – ყველას მოვალეობაა, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. რიგითი ექიმის მოსაზრებაა, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის წყვეტა რომ მოხდეს, ალბათ, უნდა განხორციელდეს კიდევ „დარჩი სახლში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: სააკაშვილის სიტყვები საერთოდ არ მაინტერესებს
შემდეგი სტატიაამ დრომდე კორონავირუსით 4 666 მედიკოსი დაინფიცირდა