„112“-ის დეპარტამენტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, 82 ქვეყანას შორის გამარჯვებული გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა.

როგორც ”თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 6 აპრილს, პრაღაში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს „112“ ნომინაციაში – „ინოვაციური სერვისი“ სმს და ვიდეოზარის სერვისით – საუკეთესოდ აღიარეს. შსს-ს „112“-ის დეპარტამენტი ინოვაციური სერვისებისა და დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვაზე მუდმივად მუშაობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მყოფმა ნებისმიერმა მოქალაქემ საგანგებო სიტუაციებში „112“-თან დაკავშირება შეძლოს. ამ მიზნით, საქართველოს „112“-მა 2015 წლიდან სმს და ვიდეოზარის სერვისი დანერგა. ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს. სმს და ვიდეოზარის სერვისით სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სერვისი უფასოა და მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.

„112“-ში შესულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.112.ge. პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) დაჯილდოების ცერემონიას სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებს. სპეციალური ჯილდო კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს, დისპეტჩერებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის იმ ცენტრებს გადაეცემათ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ერთიანი საგანგებო ნომრის – „112“-ის მომსახურების გაუმჯობესებისა და ცნობადობის გაზრდის პროცესში.

დაჯილოდების ცერემონიას პრაღაში, საქართველოს შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა, 82 ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები, ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები. ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიწვეულმა სტუმრებმა გამოფენა დაათვალიერეს, სადაც გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გაეცნენ.

საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – გაჩნდა ასეთი ფენომენი – გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი
შემდეგი სტატია,,ტურიზმის სექტორს მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში”