108 500 ლარი ივანიშვილის კომპანიას „ბლექ სი არენას“ სახურავის სამართავად

შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის სახურავის სამართავად ხელშეკრულების გაფორმებას ბიძინა ივანიშვილის კომპანიასთან – „ელიტა ბურჯთან“ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს

დარბაზის მართვა 108 500 ლარი დაჯდება. „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა „ელიტა ბურჯის“ გამოთვლების საფუძველზე. თავის დროზე საკონცერტო დარბაზის მოძრავი სახურავის სრულად დაპროექტება, დამზადება და დამონტაჟებაც ასევე „ელიტა ბურჯმა“განახორციელა.

„ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „სახურავის მართვა საჭიროებს სპეციალური გამოცდილებისა და კომპეტენციის სპეციალისტებით დაკომპლექტებულ, მინიმუმ 4-კაციანი ჯგუფის ტექნიკურ მომსახურებას. სახურავის მართვა საჭიროებს დიდ ძალისხმევასა და ყურადღებას, აგრეთვე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბრასების დაჭიმულობას, რომლებიც მოთავსებულია კოლონებს შორის. მათი დაჭიმვა ხდება სპეციალური ხელსაწყოებით და სპეციფიკური-განსაზღვრული მეთოდით, რომელსაც ასევე სჭირდება სპეციალისტების ჩართულობა“.

„ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ინფორმაციით, „საკონცერტო დარბაზის გარშემო დამონტაჟებული ლამელების მოძრაობა ხორციელდება ჰიდრავლიკურად ლამელში მოთავსებული სანათებითა და კვების-DMX ბლოკით, რომლის დაზიანების შემთხვევაში მათი შეცვლა უნდა მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მიერ.

გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების გამოცდილება სხვა კომპანიას არ გააჩნია, ასეთი შემთხვევის დადგომის დროს, თუ სხვა კომპანია „ელიტა ბურჯისგან“ დამოუკიდებლად განახორციელებს სახურავის მართვის სამუშაოებს, ნებისმიერ უარყოფით შედეგზე „ელიტა ბურჯი“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს და ჩვენი ორგანიზაცია დიდი დანაკარგისა და პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს“.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 3 მაისს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა თქვენი მომართვა ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ. გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში სისტემის SMP მოდულში ატვირთოთ თავდაპირველი ხელშეკრულება შესყიდვის თაობაზე“, – ეს წერილი შესყიდვების სააგენტომ მიმდინარე წლის 8 მაისს გაუგზავნა „ბლექ სი არენა ჯორჯიას“.

მიუხედავად ამისა, „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ შესყიდვების ვებგვერდზე თავდაპირველი ხელშეკრულება შესყიდვის [სახურავის მონტაჟის] თაობაზე არ ატვირთა, რის გამოც კომპანიის განცხადება, რომლითაც ის „ელიტა ბურჯთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობას ითხოვდა, შესყიდვების სააგენტომ განუხილველად დატოვა.

წყარო :batumelebi.netgazeti.ge

banner
წინა სტატიაშიმეტს რას ელოდებით თბილისის მერიისგან?- ნარმანია NDI-ის კვლევას აფასებს
შემდეგი სტატიასათესლე ნივრის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება