მამაკაცი, რომელმაც ლუიზიანას შტატში სამი პოლიციელი მოკლა, ერაყში მსახურობდა

მამაკაცი, რომელმაც ლუიზიანის შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში სამი პოლიციელი მოკლა, ერაყში მსახურობდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times აშშ-ის საზღვაო ქვეითების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელი 29 წლის გევინ ლონგია. ის 2005-2010 წლებში საზღვაო ქვეითი იყო. 2008 წელს მას სერჟანტის წოდება მიენიჭა. 2008-2009 წლებში ლონგი ერაყში მსახურობდა.

17 ივლისს ლუიზიანის ქალაქ ბატონ-რუჟში ნიღბიანმა მამაკაცმა სამი პოლიციელი მოკლა, კიდევ სამი სამართალდამცველი კი დაჭრა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი მისურის შტატის კანზას-სიტის მცხოვრები იყო. თავდასხმის დღეს მას 29 წელი შეუსრულდა.

ერთი კვირის წინ ტეხასის შტატის ქალაქ დალასში სამართალდამცველების მიერ ფერადკანიანი მოქალაქეების მკვლელობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების რეზერვისტმა მიკა ჯონსონმა ხუთი პოლიციელი მოკლა, შვიდი კი დაჭრა. გამოძიების ვერსიით, მას ფერადკანიანების მკვლელობის გამო შურისძიება სურდა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ მეტრეველი : უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და ჩვენი პარტიის სახელით თანხას ითხოვენ
შემდეგი სტატიაიან კელი: ეს მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას