105 000 ლარიანი „მერსედესი“ სახალხო დამცველისთვის

ჯიპისაქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ძველ, 2009 წელს გამოშვებულ 7 ათას ლარად შეფასებულ Hyundai Tucson-ს, ახალი, 105 ათას ლარად ღირებული მერსედესის მარკის ავტომობილით ანაცვლებს.

ომბუდსმენის ოფისმა 2016 წლის 23 მარტს ტენდერის გარეშე, გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება გააფორმა შპს ავტო თრეიდ ინთან, რომლის მიხედვითაც ის აღნიშნული კომპანიისგან ყიდულობს ახალ, 2016 წელს გამოშვებულ, შავი ფერის ავტომობილს Mercedes-benz GLA 250 4matic.

შპს ავტო თრეიდ ინმა სახალხო დამცველის ოფისს ახალი ავტომობილი 2016 წლის 15 აპრილამდე უნდა მიაწოდოს, სანაცვლოდ კი კომპანია 7 ათას ლარად შეფასებულ Hyundai Tucson-ს მიიღებს. გარდა ამისა, ფასთა სხვაობა – 98 500 ლარი ომბუდსმენის ოფისმა კომპანიას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 საბანკო დღეში უნდა გადაურიცხოს. დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.

ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულებას ხელს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე აწერს.

სახალხო დამცველის აპარატმა იგივე კომპანიისგან მიმდინარე წლის 10 თებერვალს ასევე იყიდა ახალი, 2015 წლის Toyota land cruiser 150, რომლის ღირებულებაც არის $48 500, სანაცვლოდ კი მას გადასცა 2008 წელს გამოშვებული, 25 000 ლარად შეფასებული Volkswagen Touareg. ფასთა შორის სხვაობა უნაღდო ანგარიშსწორებით დაიფარა.

banner
წინა სტატიაშიმინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვიზალიბერალიზაცია გექნებათ – EPP-ს პრეზიდენტი
შემდეგი სტატიახვალ პუტინ-თიბილოვის შეხვედრა იგეგმება