ოთარ დანელია ჰააგაში ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა

ჰოლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, მარტინ ვან დამს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების” (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ასოცირების შეთანხმებით მიღებულ სარგებელს თითოეული ფერმერი იგრძნობს.

შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიამ მცირე ფერმერული მეურნეობების გამსხვილების მნიშვნელობაზე და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციასა და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის წარმოებაზე და საერთაშორისო ბაზარზე, სწორედ ამ ნიშნის დამკვიდრების პოტენციალი აქვს.

ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში მაღალი ტენოლოგიების დანერგვის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას, ოთარ დანელიასთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : ნატოს წევრობა გვინდა სწორედ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცული ქვეყანა
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე, ევროპარლამენტის კომიტეტი 7 ივლისს იმსჯელებს