Deutsche Welle: ავსტრიამ აჰმედ ჩატაევის სასამართლო დევნის გამო ბულგარეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2011 წელს ბულგარეთს აჰმედ ჩატაევის სასამართლო დევნის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ Deutsche Welle-სთან საუბრისას ადვოკატმა ვესელინ გეორგიევმა განაცხადა, რომელიც ბულგარეთის სასამართლოში აჰმედ ჩატაევს იცავდა.

“ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაგზავნა საპორტესტო ნოტა და კიდევ 2-3 დოკუმენტი. ბულგარეთის სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, არ გადაეცა ჩატაევი რუსეთისთვის, იყო ის, რომ მას ავსტრიის მიერ თავშესაფარი ჰქონდა მინიჭებული. ბულგარეთს მისი რუსეთში ექსტრადირების უფლება არ ჰქონდა”, – აღნიშნა გეორგიევმა.

ჩატაევის ყოფილი ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგი უფლებადამცველები იყვნენ, კერძოდ, მას იცავდა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი, ხოლო ბულგარეთში ჩეჩნური დიასპორა ჩატაევის მხარადმჭერ აქციებს მართავდა.

წარმოშობით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი 2011 წლის მაისში ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე დააკავეს. თავდაპირველად ქალაქ ხასკოვოს საოლქო სასამართლომ მისი რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გააუქმა.

ამას გარდა, შვედური მედია იტყობინება, რომ აჰმედ ჩატაევს შვედეთში შესვლა აქვს აკრძალული. კერძოდ, სააგენტოების ცნობით, შვედმა სამართალდამცველებმა აჰმედ ჩატაევი და კიდევ ორი მამაკაცი ქალაქ ტრელებორგში 2008 წელს დააკავეს. მის სახელზე გაფორმებულ ავტომობილში პოლიციამ კალაშნიკოვის ტიპის იარაღი, ტყვიები და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

შვედეთის სასამართლომ ჩატაევს იარაღის კონტრაბანდისთვის ერთი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ქვეყანაში შესვლა 10 წლით – 2018 წლის 1 ივლისამდე აუკრძალა.

თურქული მედია აჰმედ ჩატაევს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შესაძლო ორგანიზატორად ასახელებს. თურქეთის ხელისფლება აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიტრაგიკულად დაღუპულ ჟურნალისტს, ზვიად თხელიძეს „ოქროს ფრთის“ საერთაშორისო ფონდის პრიზი მიენიჭა
შემდეგი სტატიაწინასწარი მონაცემებით, 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 3 მილიარდ 950,2 მილიონი ლარი შეადგინა