10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია

შსს-ს ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინცინდენტს ადგილი არ ქონია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროებისამებრ რეგიონებში ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება, რათა არჩევნების შენარჩუნებული იქნას მშვიდი გარემო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო.

ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ.

სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ადგილზე შექმნილ პოლიციის მობილურ ჯგუფებთან“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში დამატებით მოახდენს საზოგადოებს ინფორმირებას.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი N48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – მე ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება იყოს ყველას პრეზიდენტი