10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი – საქმეზე მოწმეები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2019 20:42

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი – საქმეზე მოწმეები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები

გამომძიებელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარუდგინა ბრალი, ფორმულირება იგივეა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ვერ წარმომიდგინა ვერც ერთი მტკიცებულება, – ამის შესახებ 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

„ამ ბრალში ჩამოთვლილია მოწმეები, რომლებიც თითქოს ადასტურებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახული ჰქონდა 10-ვე ბავშვის გაყიდვა ძიებით დაუდგენელ მისამართზე და ძიებით დაუდგენელ ხალხთან. ეს მოწმეები, ჩემდა გასაკვირად, არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები – ექიმები, ბინის მესაკუთრეები, სასტუმროს თანამშრომლები და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები რომლებმაც იხილეს ეს დოკუმენტი. ბრალდებული არ აღიარებს ბრალს“, – აცხადებს ზურაბ თოდუა.

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებითაა დაკავებული. აღნიშნულ საქმეზე განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება.

მოწმეთა ჩვენებებით ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში (მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში)“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 26, 2019 20:42

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


4,438
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics