10 წლის ბიჭის ოჯახი კლინიკა „გორმედის“ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ოჯახის ცნობით, „ბავშვი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თრომბი განუვითარდა, რაც ექიმებმა ვერ გაიგეს, ამის გამო კი ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა“.
ოჯახის წევრები მედიკოსების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ. მათ უკვე მიმართეს უწყებას. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებენ. ამჟამად მოზარდი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
„ვენები დახეთქილი იყო, თრომბი განვითარებული ყოფილა. ჩვენ ეს არ ვიცოდით იმიტომ, რომ ექიმმა ვერ გაიგო, არ გაგვაფრთხილა, თუნდაც რომ შევეშინებინეთ და სასწრაფოდ ჩვენ თვითონ გადაგვეყვანა ბავშვი, რომ მიგვეხედა. რეანიმობილი 2 საათიანი დაგვიანებით მოვიდა, 4 საათიანი ლოდინის შემდეგ ინგოროყვას კლინიკაში შევედით. მეორე დღეს ექიმმა გვითხრა, იძულებული ვარ ფეხი მოვკვეთოო“, – აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი “ფორმულასთან“ საუბარში.















