რეგიონული განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.
კითხვაზე, მოხდა თუ არა რაიმე კონკრეტული ინციდენტი, მდინარაძემ უპასუხა, რომ საგანგებო არაფერი მომხდარა და გადაწყვეტილება 10-წლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ბუნებრივად მიიღო.
„10 წლის განმავლობაში, როდესაც პოლიტიკაში თავიდან ბოლომდე ჩართული ხარ, ეს არ არის მარტივი ამბავი. დღეს რომ ვფიქრობდე, რომ ამ მიმართულებას ქვეყანაში ჩემზე უკეთესად ვერავინ მიხედავს, გვერდით არ გავიწეოდი. თუმცა გუნდში უამრავი ლიდერია, რომელიც ამ საქმეს ძალიან კარგად გაუძღვება.
მე ვფიქრობ, რომ ცოტა დასვენებას, საკუთარ ოჯახსა და თავზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, ერთი 9 წლისაა და მეორე — 13-ის, პრაქტიკულად უჩემოდ გაიზარდნენ და მინდა რაღაც ადამიანური მომენტები დავიტოვო“, — განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას არ გეგმავს: „პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ გუნდს ძალიან დავჭირდები და სხვა გამოსავალი არ იქნება“.

















