1 კილოგრამი ჰეროინი და 3.8 კილოგრამი ოპიუმი: ავღანური ნარკოტიკი კანფეტის ქაღალდში – დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე დააკავეს. საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამოღებულია 2 კგ. ჰეროინი და 4 კილოგრამამდე ოპიუმი, მეტადონი და ექსტაზი.

დაკავებულია ირანის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც, შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ქსელთან დაკავშირებული პირები იყვნენ და ევროპის ქვეყნებში ავღანური ნარკოტიკი გადაჰქონდათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნული ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორების განზრახვა დროულად აღკვეთეს. ასევე, არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ქსელით თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, 2018 წლის 21 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ირანის კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული 3.8 კილოგრამი ოპიუმი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”-აცხადებენ შსს-ში

banner
წინა სტატიაშისამმა არასრულწლოვანმა თბილისში, კლინიკა “მედის” ოფისი გაქურდა
შემდეგი სტატიაზამთრის კურორტებზე 25 კვების ობიექტი დაჯარიმდა