2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.
პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის სპეციალურ პუნქტებში, ასევე ონლაინ — ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge-ს საშუალებით შეეძლებათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ფორმების რეალიზაციის 83 პუნქტია განთავსებული.
სასკოლო ფორმა უფასოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს:
ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა ნაკლებია 65 001-ზე;
ოთხი და მეტი შვილიანი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს 65 000-დან 120 001-მდე;
მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებსა და თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული პირები;
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეები.















