საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, წელს საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად დაიშვება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები.
გადაწყვეტილება ეხება 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა შეზღუდული არჩევანის გამო ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ვერ ჩაირიცხნენ.
„სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე. თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია.
თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს სწავლა სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად დაუფინანსდება. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით“, — განაცხადა გივი მიქანაძემ.
ოფიციალური მონაცემებით, წელს გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში 34 150 უკვე ჩაირიცხა. ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაციის დეტალები სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.















