1 000-მდე ადვოკატი EU-ის ელჩს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე მხარდაჭერას სთხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. დავით ასათიანმა ელჩს მიმართვა გადასცა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერას უკავშირდება და რომელსაც 1 000-მდე ადვოკატი აწერს ხელს.

“მქონდა პატივის, პირადად გადამეცა ევროკავშირის ელჩისთვის ქართველ ადვოკატთა მიმართვა საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ჩვენ, ქართველ ადვოკატებს, ზოგადად საქართველოს იურიდიულ პროფესიას ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ევროკავშირის გზაზე ჩვენი ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სამართლიან სასამართლოს, კანონის წინაშე თანასწორობას და ადამიანის უფლებების დაცვას”, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე – ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – საქართველოს „ყველაზე დიდმა მეგობარმა“ ორბანმა სიურპრიზები თუ არ მოგვიწყო, კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს
შემდეგი სტატიაყირგიზეთში 180-ზე მეტი საჯარო მოხელე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, გაათავისუფლეს კანონიერ ქურდ კოლბაევთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკ მატრაიმოვთან კავშირის გამო