1 000 დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავეს – ინსფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
დაკავებულია სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მებაჟე ოფიცერი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
“გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.
ბრალდებულმა, კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 1000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით” – ნათქვამია ინფორმაციაში.

















