700 ათას ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი დ.კ., გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ.ლ., ასევე მოქალაქეები ზ.ბ. და რ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის ნ.გ.-ს და მოქალაქე ვ.ზ.-ს მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილებები.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე ლევან ლაზარეშვილმა აღნიშნა, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2019 წლებში, ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში და ქ.თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ 49 644 კვ.მ ფართობის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც სახელმწიფოს მიაყენეს დაახლოებით 700 ათასი ლარის მატერიალური ზიანი.

გამოძიება გრძელდება თაღლითურად დაუფლებული სხვა მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი შესაძლო ქმედება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში

banner
წინა სტატიაში“ყველაფერს გავაკეთებთ,რამენაირად ვაიძულოთ ოკუპანტი რეჟიმი, გაათავისუფლოს ჩვენი ექიმი“
შემდეგი სტატია“ჩვენი ოპოზიცია მთლიანად ჩამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე, რაც მათი პოლიტიკური ლუსტრაციაა”