‪არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ

კამპანია ”‎ეს შენ გეხება”-ს წევრები საქართველოს პრემიერმინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას სთხოვენ:

“როგორც მოგეხსენებათ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივით მიმდინარე კამპანია რამდენიმე წელია ითხოვს პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით ქვეყანაში ეფექტური საკანონმდებლო რეფორმების განხორციელებას, პირადი ცხოვრების ხელყოფის სისტემური დანაშაულის გამოძიებას, დანაშაულში ჩართული პირების, ისევე როგორც, დანაშაულებრივი სისტემის შექმნისთვის გამოყენებული მეთოდების გამოვლენას და მათგან სამართალდამცავი სისტემის გათავისუფლებას.

გასულ წლებში პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ორგანიზებული პრაქტიკა, პოლიტიკური შანტაჟისა და ტოტალური კონტროლის მეთოდები პრობლემის სისტემურ და ფართომასშტაბიან ხასიათზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივად აქტიური პირები კვლავაც საუბრობენ მათ მიმართ უკანონო თვალთვალისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტებზე. ხსენებული გარემოებები მიუთითებს, რომ ბოლო წლებში გატარებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა სრულყოფილად ვერ უპასუხა არსებულ გამოწვევებს და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხი კვლავ კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიებამ ჯერ კიდევ ვერ გასცა პასუხი სისტემურ დანაშაულს და მასთან დაკავშირებულ კითხვებს. დაუსჯელობამ კი ახალი დანაშაულების ჩადენა წაახალისა. ბოლო პერიოდში საგამოძიებო ორგანოების გააქტიურება კი, რასაც რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემა მოყვა, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების და აქტიურობის შედეგია.

თუმცა, კონკრეტული საქმეების დროულ გამოძიებასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ დანაშაულებრივი პრაქტიკის და პირადი ცხოვრებით შანტაჟის დასრულებას მყარი პოლიტიკური ნება და გარდამტეხი სამართლებრივი ცვლილებები ესაჭიროება. ამისათვის კი საჭიროა:

ფარული თვალთვალისა და მიყურადების მოქმედი სისტემის ძირეული რეფორმა;

სამართალდამცავი სისტემის დაუსჯელობის პრობლემის მოსაგვარებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა;

უსაფრთხოების სისტემაში რეფორმების გაგრძელება და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება.

კამპანია აქტიურად მუშაობს თითოეული ხსენებული მიმართულებით დეტალური სამართლებრივი რეგულირების შემუშავების მიზნით. ამასთან, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ, კამპანიამ საჯაროდ გააჟღერა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი. კამპანიას კვლავაც მიაჩნია, რომ ხსენებული სისტემური პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ნათელი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან.

გამომდინარე აქედან,. მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ და დრო დაუთმოთ კამპანიის წარმომადგენლებთან ერთად შემდგომი რეფორმების განხორციელების საკითხის განხილვას. კამპანია კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას უახლოეს პერიოდში შეხვდეს საქართველოს მთავრობის მეთაურს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.”

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება