​საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით დღეს ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა:

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვას ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ესტუმრება, რომლის შემდგენლობაშიც პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებიც ერთერთი პირველები გადავიდნენ ევროკავშირის საზღვარზე ვიზის გარეშე.
დელეგაციის აღნიშნული წევრები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალურ და კულტურულ ნაწილში.
ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კი, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.
დაგეგმილია ასევე შეხვედრები ლიტვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

”დღეს იწყება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში. საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში მიემგზავრება ეთნიკურად ოს და აფხაზ საქართველოს თანამოქალაქეებთან, ასევე “სამხრეთ ოსეთიდან” დევნილებთან ერთად. ეს არის სიმბოლური გზავნილი, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ ყველა ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს ევროკავშირი, არის მათთვის, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.
ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს – ლიტვის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერთან”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ოპოზიციონერი დეპუტეტები – ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვი, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში – დებატები არ იქნება
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს