​ოთარ დანელია : მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი და არ დაიკარგოს ღირებულებები

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი ისე, როგორც არის, ასევე მნიშვნელოვანია, რის ფასად ვინარჩუნებთ ამ გუნდს, რომ ის ღირებულებები არ დაიკარგოს, რითაც თავის დროზე გავერთიანდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მისთვის ეს უმრავლესობის პირველი სხდომაა, რომელსაც დაესწრება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კოლეგა, რადგან ვფიქრობ, ყველაფერთან ერთად ერთმანეთს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, ვინც არ უნდა იყოს ის. არ შეიძლება გუნდიდან წასვლაზე ან მოსვლაზე ვისაუბროთ ასე ხელაღებით და ემოციების გარეშე. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გუნდი ისე, როგორც არის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რის ფასად ვინარჩუნებთ ამ გუნდს, რომ ის ღირებულებები არ დაიკარგოს, რითაც თავის დროზე გავერთიანდით“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიამ სხდომამდე კომენტარი გააკეთა თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებაზეც, რომელმაც განაცხადა, რომ „პარტიის დატოვება თუ ვინმეს უნდა, კარი ღიაა“.

„ამ განცხადებას ცალსახად არ ვიზიარებ. ამ თემაზე უნდა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. რესურსი ყოველთვის არსებობს, თუ არის სურვილი. ამას დიალოგი სჭირდება. ძალიან მარტივია, დავიშალოთ, მაგრამ მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს, უნდა მოვინდომოთ და ყველამ კონსენსუსზე ვიფიქროთ და საბოლოო ჯამში შედეგს აუცილებლად მივიღებთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება მოსამართლეებს ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილსა და ალანიას, დანელიას განცხადებით, მათ მხარს არ დაუჭერს.

„ამ კონკრეტულ პიროვნებებს მე პირადად მხარს არ დავუჭერ. ჩემთვის მიუღებლები არიან მორალური თვალსაზრისით, რომელთა შესახებაც არსებობს ძალიან ბუნდოვანი და ნეგატიური თუ ადამიანის უფლებათა შემლახველი საქმეები, ბუნებრივია, მათ მხარს ვერ დავუჭერ. შევთანხმდით, რომ იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა და ყველა მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ყველა დეპუტატი 100 პროცენტით თანხვედრაში ვერ იქნება. ჩემთვის ვინც მიუღებელია, მე მხარს ვერ დავუჭერ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება. მსჯელობის მთავარი თემა ის რეგულაციები და კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ.

banner
წინა სტატიაშიხმაური მთავარ პროკურატურასთან – ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ეზოში შეიჭრა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე-ინაშვილ-თარხანმოურავის დუეტმა,რუსული ძალების დაკვეთით, უამრავი სიყალბე და სიმახინჯე “აღმოაბოყინეს”