„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სემეკის სატარიფო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით წყლის ტარიფის ცვლილება 2015 წელს იყო განსაზღვრული.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” არ ეთანხმება სემეკის მიერ დადგენილ ტარიფს. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო წყლის ტარიფის ცვლილება 2015 წელს.

სემეკმა ტარიფის დადგენისას არ გამოიყენა კანონით („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, თავი მე-3, მუხლი მე-11) მინიჭებული უფლებამოსილება და არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგება. ამ გადაწყვეტილებით დაირღვა ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება ტარიფის ცვლილების შესახებ. მეორე მხრივ, კომპანია უწყვეტად ასრულებს სახელმწიფოს წინაშე ამავე ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს. ქსელების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის გათვალისწინებული ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტარიფის ცვლილებით მიღებული შემოსავლებით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელი კომპანია არის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელმაც წამოიწყო საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე (IPO) გასვლის პროცესი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. სემეკის გადაწყვეტილება აფერხებს ამ მნიშვნელოვან პროცესს, რაც ასევე ხელს უშლის დარგის განვითარებას და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს საინვესტიციო გარემოს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ელის ხელისუფლების პოზიციას სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ, გეგმავს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო დონის კონსულტანტების ჩართვას“,- ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს