ჯონდი ბაღათურია ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით აქციების გამართვას გეგმავს

“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, სექტემბრის მეორე ნახევარში, ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, მასშტაბური აქციების დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობამ უსამართლო, დაუსაბუთებელი, კორუფციულად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით.
“ტარიფის ზრდა მოხდა 4 თეთრით, საქართველოს მასშტაბით თბილისის გარდა. “თელასმა” უკვე შეიტანა განაცხადი სემეკში და ტარიფის 6 თეთრით გაზრდას ითხოვს. მინდა აღვნიშნო, რომ ამჟამად არ არსებობს ტარიფის ზრდის საფუძველი, ამით დაინტერესებულია ხელისუფლება და პირადა ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. იგი არის დღეს საქართველოში რამდენიმე ენერგოკომპანიის მფლობელი”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისივე განცხადებით, აუცილებელია საზოგადოებრივი პროტესტი ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით.
“ჩვენ ვაპირებთ მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყების სექტემრბის მეორე ნახევარში. ჩვენი მოთხოვნები იქნება, უნდა დაიწიოს ტარიფმა და არ უნდა გაძვირდეს. თუ მანამდე “თელასმაც” მოახერხა ტარიფის გაძვირება, მაშინ აგვისტოში მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გასულია ქალაქიდან, რა რესურსით გვექნება იმ რესურსით ვეცდებით გავმართოთ აქციები და გავაპროტესტოთ მთავრობის გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ეროვნული დაუმორჩილებლობა კანონის ჩარჩოებში”, – განაცხადა ბაღათურიამ.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 3,95 თეთრით გაიზარდა. გასულ კვირას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა სააქციო საზოგადოება “თელასმაც”.

banner
წინა სტატიაშივეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებზე მიწის ნაკვეთებს არ არიგებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა