ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს

ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს

მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქრთამი არ აუღია. ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჯოკია ბოდოკიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ე.წ. მოდულის შენობაში ბოდოკიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა დააფიქსირა პოზიცია, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდების ფორმულირებას, თითქოს დანაშაული უკავშირდება მის საქმიანობას მერიაში. ადვოკატის განცხადებით, მსგავსი ქმედება, რასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად უყენებენ, ჩადენილი რომც ყოფილიყო, ჯოკია ბოდოკია აცხადებს, რომ ეს დაკავშირებული არ იქნებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურში მის საქმიანობასთან.

ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ვარაუდობს, რომ ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე პროკურატურა ჯოკია ბოდოკიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატი კი აპირებს, რომ ალტერნატივის სახით სასამართლოს მიმართოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატია„შეთანხმება 2008 წელსაც იქნა მიღწეული, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გაყინული კონფლიქტი მივიღეთ“