,,ჯაჭვლიანმა გადადგა უპრეცედენტო, ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში”

ბიზნესმენი ლევან ვასაძე დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივას ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების შესახებ მიესალმება.
როგორც ლევან ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია.
“მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელმაც შეიტანა კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების თაობაზე, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს გარყვნილების პროპაგანდისა და მისი რეკლამის წინწასვლის მცდელობა. ამავე კანონპროექტში არის ინიცირებული გაუგებარი უცხოური ტერმინების ამოღება, როგორიც არის “გენდერული იდენტობა” და მე ამის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მას. ჩემი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ ყველასთვის ცნობილია. ჩემი აზრით, დეპუტატმა ჯაჭვლიანმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც არის უპრეცედენტო, ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. თავის მხრივ, ის არ შეუშინდა არც პარტიულ კონიუნქტურას და მეორე მხრივ, ის არ შეუშინდა იმ დაცინვასა და გაქილიკების კამპანიას, რომლის ობიექტიც ის უკვე რამდენიმე ხანია არის. მე არ ვიცი ყველა დეტალი, არ ვიცი EBRD რა ეგონა სოსო ჯაჭვლიანს, რომ მართლაც ეგონა თუ ხუმრობდა და კიდევ რა შეცდომები აქვს დაშვებული თავის საჯარო გამოსვლებში, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ, მე, მომეწონა ეს ვაჟკაცური ნაბიჯი”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე განმარტებით, ჯაჭვლიანმა ამ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში გაავლო ხაზი ნამუსის ერთგულებასა და ნამუსის მიჩუმათებას შორის.
“იმედი მაქვს, რომ კიდევ მოინახებიან პარლამენტარები, რომლებიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. დიდი იმედი არ მაქვს “ნაციონალური მოძრაობის” და “რესპუბლიკური პარტიის” და კიდევ ერთი-ორი ფრაქციის, მაგრამ იქ ჩვენი მეგობრები სხედან, მინდა მათ კიდევ ერთხელ წაიკითხონ ეს კანონი და ჰკითხონ ერთმანეთს, შეესაბამება თუ არა ეს იმ ნორმებს, რომელშიც მათ ზრდიდნენ მშობლები”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე განმარტებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტში ხელოვნურად იქნა მიღებული.
“ძნელად თუ მოიძებნება დემოკრატიული ქვეყნების ისტორიაში ასეთი შემთხვევები, როდესაც ლიბერალიზმისთვის 10 მცნება აღარ არის ცალსახად მისაღები დოქტრინა და მისი ცალკეული დებულებები საკამათოა და როგორ შეიძლება კანონი იყოს უკამათო და ის როგორც ჩრდილოეთ კორეაში, ან საბჭოთა კავშირში იყო, ერთხმად იქნას მიღებული. მისი ასე მიღებით, ჩვენმა პარლამენტმა ეს კანონი მკვდრად შვა და ის ფაცი-ფუცი და ნერვიულობა, რომელიც ახლა მოჰყვა ჯაჭვლიანის ინიციატივას, ძალიან კარგად ახასიათებს აგრესიულ ლიბერალიზმს, როგორც ტოტალურ რელიგიას. ანუ ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია და მეორე მხრივ, ის მოითხოვს სრულ მორჩილებას თავისი დოგმების მიმართ. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად წინააღმდეგობრივი პოზიცია. მე არ ვარ ექსპერტი საკანონმდებლო პროცესებში, არ ვიცი რა მოყვება ამას, თუმცა, მე ვხედავ მცდელობას, რომ ჩაფარცხონ და მიაჩუმათონ ეს ფაქტი. იმედი მაქვს, იმ ზეწოლის მიუხედავად, რომელსაც განიცდის ეს კანონი, განხილვაზე გავა და ის, რომ მარტო ჯაჭვლიანმა დააჭიროს ღილაკს ხელი, იქნება ქართული პარლამენტის მორალური გამარჯვება”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშიჰააგის გამოძიებაში ქართველთა ეთნიკურ წმენდას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა
შემდეგი სტატია„ჩინეთიდან რკინიგზის პირველი შემადგენლობა 9 დღეში, მეორე შემადგენლობა კი უკვე 7 დღეში ჩამოვიდა“