ჯანელიძე: “მუხათგვერდზე დაკრძალვის ცერემონია არ ყოფილა, ეს იყო დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება” (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, რომელიც მან “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემაში გააკეთა, მუხათგვერდის სასაფლაოზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიალი არ ჩატარებულა და ეს დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება იყო, რაც ნაკლებად პომპეზური და ნაკლებად მასშტაბური ღონისძიებაა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, “ეს ბიჭები ჩვენ დიდი ხნით ადრე დავკრძალეთ, ახლა კი მოხდა დნმ-ის ჩასატარებლად აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება, ყველაფერი იყო ორგანიზებული ისე, როგორც მათ ხსოვნას ეკადრება, ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩემი მოადგილე და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეები, ღონისძიებას თვით ამ დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრების უმრავლესობაც არ ესწრებოდა, რადგან ეს მათთვის იარების ხელახლა განახლებაა. ეს იყო ექსპერტიზიდან დაბრუნებული ნიმუშების მიწისთვის მიბარების ჩვეულებრივი ცერემონიალი და არა დაკრძალვის ცერემონიალი”.

მისივე თქმით, თავად ესწრებოდა “ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას” და ვერ შეძლო ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. მინდია ჯანელიძის განცხადებით, არასწორია ინტერპრეტაცია, “თითქოს ჩვენ რამე დავაკელით ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას”.

 

banner
წინა სტატიაში„თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რგოლი დაკავებული აქვთ მათ, ვინც სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყვნენ“
შემდეგი სტატიაელისო კილაძის სკანდალური განაცხადება ირაკლი ჩიქოვანმა არც უარყო და არც დაადასტურა