ჯავახიშვილის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა 10 დღეში აღდგება

ჯავახიშვილის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დაახლოებით 10 დღეში აღდგება, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე სამუშაოების დათვალიერების დროს განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, სამუშაოები ამჟამად საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს.
“სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. კედელი, რომელიც ჩამოიშალა სრულად არის აღდგენილი და ძალიან მყარი ბეტონის მასით შეივსო. გარდა ამისა, კეთდება გვერდულები, მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომ უახლოესი მინიმუმ 10 წლის განმავლობაში რაიმე მიწისქვეშა სამუშაოები არ ჩატარდეს. ახლა სამუშაოების ბოლო ფაზა მიმდინარეობს, გზის ქვედა საფარის მომზადება, რომლის შემდეგაც დაიგება გზის საფარი. ჩვენ ძალიან მოწესრიგებული აღმართი გვექნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, ავთანდილ სუდაძესთან ერთად მოინახულა.
ჯავახიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედელი 12 იანვარს ჩამოიშალა. ნაგებობის ძირითადი ნაწილის აღდგენა უკვე დასრულებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მოეწყო წყალსადენის ორი ხაზი, სადრენაჟე, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ახალი ქსელების, “თელასის”, “სილქნეტისა” და “დელტაკომის” ქსელები.

banner
წინა სტატიაშიდონეცკში პარტიზანებმა რუსებს ზესაიდუმლო იარაღი მოპარეს
შემდეგი სტატიაისლამისტი ტერორისტების პარპაში დემოკრატიის ექსპორტის შედეგია – აცხადებს ლავროვი