ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს

პარლამენტში, ხმაურთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტში ცვლილება შევიდა. როგორც საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ამ ცვლილების შედეგად, ხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდება მხოლოდ ღამის საათებზე, დღის საათებზე ეს რეგულაციები მოიხსნება. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ჯანდაცვის კომიტეტმა შეიტანა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. თავად პროექტის ავტორი კი თბილისის საკრებულოა. მისივე თქმით, რეგულაციები 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს.

“დაჯარიმდება ის დაწესებულება თუ კერძო პირი, სადაც ხმაური არის 30 დეციბილზე მაღლა. ამას გააკონტროლებს საპატრულო პოლიცია. ყოველი მესამე ეკიპაჟი აღიჭურვება ხმაურმზომი აპარატით. თუ მოქალაქეს შეაწუხებს ხმაური, ის უნდა დაუკავშირდეს 112-ს, შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოცხადდებიან ადგილზე, შეამოწმებენ არის თუ არა სამართალდარღვევა და სამართალდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში ადგილზევე გამოწერენ ჯარიმას”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხმაურის გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან როგორც კერძო პირები, ასევე იურიდიული პირები, მათ შორის რესტორნები და ბარები. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კერძო პირის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმა იქნება 150 ლარი, იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირის მიმართ ჯარიმა გაორმაგდება. მისივე თქმით, არის სპეციალური საშუალებები და რესტორნებსა და ბარებს, რომელთა ბიზნესიც სწორედ ხმაურზეა გათვლილი, შეუძლიათ დაახშონ ხმა და ამით მოქალაქეები არ შეაწუხონ. როგორც კობახიძე განმარტავს, სამთვიანი შეღავათი დაუწესდებათ საკურორტო ზონებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: რამდენიმე ურჩი მინისტრიც გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ არ იძლევა ინფორმაციას თუ რამდენ ფინჯან ყავას სვამს
შემდეგი სტატიათბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე დღეიდან კონკურსი ცხადდება